უგოლო ფრე თელავთან
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ერთმანეთს “სამტრედია” და “თელავი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შედგა.
მატჩი ორივ გუნდმა ფრთხილად დაიწყო და მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. 39-ე წუთზე, დავით თარგამაძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ანატოლი მესიაჩენკო ჩაერთო.
თარგამაძემ გამოკვლევა ჩაიტარა და ტრავმის გამო ის დაახლოებით 2-3 კვირა ვერ ითამაშებს.
მეორე ტაიმში “სამტრედია” გააქტიურდა და ამაში წვლილი შეცვლაზე შესულმა ნათან ჯუნიორმა შეიტანა, რომელსაც რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აჯობა.
ბოლო წამებზე, “თელავის” კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ვარლამ კილასონიამ კარგად შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა.
13 ტურის შემდეგ, “სამტრედიას” 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.
შემადგენლობა: სეფიაშვილი, კაბა, კილასონია, პავიშიჩი, კერძევაძე, ქოძლაძე, თარგამაძე, ინკუმი, რუხაია, იმნაძე, დაფე
შეცვლაზე შევიდნენ: კვირკვია, მესიაჩენკო, ნათან ჯუნიორი