თარგამაძე: “შეგვიძლია საქართველოს თასი მოვიგოთ, ეროვნულ ლიგაში კი წარმატებულად გამოვიდეთ”
“სამტრედიას” ახალწვეულმა დავით თარგამაძემ წინა მატჩები წარმატებულად ჩაატარა. თარგამაძემ ამხანაგურ მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა.
მოახლოებულ თამაშებზე, თავის ფორმასა და სხვ თემებზე 31 წლის შემტევს ვესაუბრეთ.
დაბრუნება ტრავმის შემდეგ
ერთი თვე ტრავმა მქონდა და ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთული იყო. მითუმეტეს, თამაშები ახლო-ახლოს იყო და ვეცადე, რომ ეს მატჩები ფორმის აღსადგენად მაქსიმალურად გამომეყენებინა, სასურველ ფორმაში ჩავმდგარიყავი და გუნდისთვის შედეგიანი ვყოფილიყავი.
გუნდთან ადაპტაცია
ჩემთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მწვრთნელი მენდო და სათამაშო დრო მომცა. ადაპტაცია ძალიან კარგად გავიარე და ამაში ფეხბურთელებმაც ხელი შემიწყეს.
გუნდის მიზნები ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე
ჩვენი მიზანია, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და ამჟამინდელი შედეგით არ დავკმაყოფილდეთ. თასს რაც შეეხება, თასის თამაშები ჩემპიონატის მატჩებისგან არაფრით განსხვავდება და ორივე მათგანზე დიდი მოტივაციით ვთამაშობთ. კარგია, რომ 1/8 ფინალში ვართ, ყველა მატჩში ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ თასის მოსაგებად. “სამტრედიას” შეუძლია, რომ ეროვნულ ლიგაში წარმატებულად გამოვიდეს და საქართველოს თასი მოიგოს. გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის საფუძველს.
შანსები ტორპედოსთან
ტორპედო ჩვენი კონკურენტია და გადამწყვეტი თამაში იქნება. მათ ვაფასებ, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენც კარგად ვართ მომზადებული, მინდორზე დიდი მოტივაციით გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
კვლავ გულშემატკივრის გარეშე…
გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთის თამაში რთულია, ისინი დიდ მუხტს გაძლევენ და მე-12 მოთამაშის როლს ასრულებენ. სამწუხაროდ, გულშემატკივრები ტრიბუნაზე კვლავ არ იქნებიან, ჩვენ კი შევეცდებით ისინი მაინც გავახაროთ და როცა ქომაგები სტადიონზე დაბრუნდებიან, ორმაგი და სამმაგი ემოციით იქნებიან ჩვენთან.